ივანიშვილი - მედვედევის ტანდემი ვერ შემოაბრუნებს რუსეთის დანაშაულს საქართველოს მიმართ

ივანიშვილი - მედვედევის ტანდემი ვერ შემოაბრუნებს რუსეთის დანაშაულს საქართველოს მიმართ

ივანიშვილი-მედვედევის ტანდემი ვერ შემოაბრუნებს რუსეთის დანაშაულს საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მალაშხიამ განუცხადა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა და საქართველოში ვერც ერთი პრორუსული ძალა ამას ვერ შეცვლის. 

"არ ვიცი ეს ვაჟკაცური განცხადებები რას ნიშნავს. საერთაშორისო სამართლის დონეზე ვაჟკაცური განცხადების მცნება არ არსებობს. არსებობს მცნება დანაშაული კაცობრიობის წინაშე. აი ეს დანაშაული ჩადენილი აქვს რუსეთის ფედერაციას და ამას ხელი მოაწერა მედვედევმა. ეს აღიარებითი ჩვენება არაერთგზის უკვე გვაქვს და ეს ინტერვიუც ამისი დამადასტურებელია. უფრო მეტიც, მისი განცხადება გვაქვს, რომ სამშვიდობო ძალები წესრიგს ამყარებდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს არის სამშვიდობოების წინააღმდეგ ნათქვამი სერიოზული დანაშაულებრივი განცხადება. მედვედევის განცხადება ივანიშვილის ვაჟკაცობაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ დანაშაულის გათეთრების ერთადერთი შანსი იყო საქართველოში პრორუსული ხელისუფლების მოყვანა და დადანაშაულება საქართველოს ხელისუფლების, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. მაგრამ, ეს მიუღებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ივანიშვილი-მედვედევის ტანდემი ამ საქმეს ვერ შემოაბრუნებს", - აღნიშნა მალაშხიამ.

მისივე თქმით, მედვედევი აგვისტოს ომის თაობაზე ბოლო განცხადებებში წინააღმდეგობაში მოდის მის წინა განცხადებებთან.

"თვითონ მედვედევის განცხადება უნდა გავიხსენოთ. მან გააკეთა განცხადება, რომ თუ არა რუსული აგრესია, მაშინ ნატო-ს საზღვრები გადმოიწევდა რუსეთთან ახლოს; ასევე, არის თვითონ მედვედევის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ქართველებმა მოაწყვეს თვითონ ოსების გენოციდი, მოკლეს 2000 ოსი და ამის გამო შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე; მესამე განცხადება არის პუტინის, სადაც ის ამბობს, რომ 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში მათ ქონდათ გეგმა საქართველოში შეჭრის. ანუ, ეს სამი განცხადება არის წინააღმდეგობაში, რასაც დღეს მედვედევი საუბრობს. ის არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და მან კარგად იცის და არსებობს კონგრესის, სენატის, ევროკავშირის, ნატო-ს, ეუთო-ს, გაერო-ს ასამბლეის დასკვნები, სადაც წერია,

რომ მოხდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ამ ტერიტორიაზე მოხდა ქართველების ეთნოწმენდა. ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე და რამდენი პრორუსული ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საქართველოში, ეს შედეგი საბოლოოდ დადგება რუსების წინააღმდეგ",- განაცხადა მალაშხიამ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა. მისივე თქმით, იმის მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ დასჯილა, საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილებაა.

ინტერვიუში დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია, ვაჟკაცურს უწოდებს და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, მაღალ შეფასებას აძლევს.

"საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ხომ სიმართლე თქვა: "ეს თქვენ, სააკაშვილო, მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და გააღვივეთ კონფლიქტი". ალბათ, მისთვის რთული იყო ამის თქმა, თუმცა ეს ვაჟკაცური სიტყვებია", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში.