შვიდი პოლიტიკური გაერთიანება ერთჯერად 150-150 ათასს ლარს ერთ თვეში მიიღებს

შვიდი პოლიტიკური გაერთიანება ერთჯერად 150-150 ათასს ლარს ერთ თვეში მიიღებს

შვიდი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება ერთჯერადი საბაზისო დაფინანსების სახით განსაზღვრულ 150-150 ათასს ლარს, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიიღებს.

ამას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას დაჩქარებული წესით - სამივე მოსმენით მიიღებს. პარტიათა საბიუჯეტი დაფინანსების გაზრდის თაობაზე შემუშავებული პროექტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბაზისო დაფინანსების არსებული ოდენობა ორმაგდება. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინებების შესახებ" მოქმედი კანონით საბაზისო დაფინანსება წელიწადში 150 ათასი ლარია, პროექტის მიხედვით კი, ის 300 ათას ლარამდე იზრდება. ეს ზრდა 14 ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტს შეეხება.

წელიწადში 300-300 ათასი ლარი ემატება პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. პროექტის თანახმად, პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების გაანგარიშების ფორმულაში პირდაპირ განისაზღვრება, რომ ბიუჯეტიდან ასეთ დაფინანსებას იღებს პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკო-ში იყო რეგისტრირებული და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. ფრაქციის შექმნისთვის მისაღები დაფინანსება კი საბაზისო დაფინანსების ტოლია, ანუ ისიც 300 ათასს ლარს შეადგენს.

დამატებით 300 ათასის მიმღები შვიდი პარტია: - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ექვსი პოლიტიკური გაერთიანება იქნება. დაფინანსების ამ პრინციპის შემოღებით, მათთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 8%-იან ბარიერს ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 6%-იან ბარიერს ლახავს, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში 300 000 ლარია. მომზადებული პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის თავად ბარიერი მცირდება, ხოლო საბაზისო დაფინანსების ოდენობა აქაც ორმაგდება და ჯამში 600 000 ლარი ხდება.

რაც შეეხება არასაპარლამენტო პარტიებისთვის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სახით 150-150 ათასი ლარის გამოყოფის საკითხს, ამ მიმართულებით ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებებში შედის, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან, ერთჯერადად პარტიების საბაზისო დაფინანსების ნახევარი უნდა მიეცეს, ანუ საუბარია 150 ათასს ლარზე. ასეთი საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში უნდა წარედგინოს. თუკი პარტია აღნიშნულ ვადაში თანხმობას არ წარადგენს, დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს.

კანონპროექტში ჩადებული ფორმულირების გათვალისწინებით, ერთჯერად 150-150 ათასს ლარს მიიღებს: "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ევროპელი-დემოკრატების კოალიცია, "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო", "ლეიბორისტები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის". ჯამში მათთვის 1 მილიონ 50 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გასული კვირის სესიაზეც განახორციელა. კერძოდ, "საარჩევნო კოდექსსა" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კანდიდატს, ვინც მონაწილეთა ხმების 10%-ს ან მეტს მოიპოვებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება გაწეული და დასაბუთებული ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ქალების საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის მოტივაციით, გაიზარდა ამ მიმართულებით განსაზღვრული ფინანსური დანამატი. კერძოდ, პარტია მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესის წარმოდგენილი სულ მცირე 30%-ით იქნება. სადღეისოდ ეს დანამატი 10%-ია.