მედვედევი:  ომამდე ორი თვით ადრე სააკაშვილი

მედვედევი: ომამდე ორი თვით ადრე სააკაშვილი "კეთილი ღიმილით მესალმებოდა"

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას არ გამორიცხავდა. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ჰქონდა განცდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოსთან, რომელიც იმ დროს არცთუ ისე კარგი იყო.

"ივნისის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ოფიციალურად შევუდექი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, დამირეკა მიხეილ სააკაშვილმა და მასთან მიმდინარე საკითხები განვიხილე. საერთო ჯამში იყო სავსებით ნეიტრალური საუბარი. მე გამოვთქვი სურვილი, გაგვეგრძელებინა ურთიერთობები. რამდენიმე დღეში პეტერბურგში, დსთ-ს სამიტზე ერთმანეთს შევხვდით. მე დღემდე მახსოვს ის მომენტი, როდესაც ვდგები, ვიღებ მას კაბინეტში და ის შემოდის, დიდი და კეთილი ღიმილით. მე მას ვუთხარი, რომ მსურს ურთიერთობების დალაგება, გაუმჯობესება იმ განსაკუთრებული სიმპატიის გათვალისწინებით, რომელსაც რუსი ხალხი ყოველთვის განიცდიდა ქართველების მიმართ და პირიქით. ბატონმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგივე გრძნობებით არის აღსავსე და რომ ეს არის მთავარი ამოცანა",-განაცხადა მედვედევმა.

როგორც მედვედევი იხსენებს, ბოლოს ის აგვისტოს ომამდე მიხეილ სააკაშვილს ასტანაში შეხვდა.

"ჩვენ ვიჯექით დივანზე და ვსაუბრობდით. ის მისვამდა კითხვებს და მე ვეუბნებოდი, რომ ვითარება იძაბებოდა, რომ მაქვს შეგრძნება, ვერ ვახერხებთ სწორ გზაზე გასვლას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მორიგ შეხვედრას გავმართავდით. მან მითხრა, რომ მზად იყო ჩამოსულიყო ოფიციალური, ან სამუშაო ვიზიტით, თუმცა მერე კავშირიდან დაიკარგა. მე ვკითხე კიდეც ერთ-ერთ ჩემს თანაშემწეს, ხომ არ გამოსულან კავშირზე ვინმე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუმცა პასუხი უარყოფითი მივიღე. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა",- აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.