დიმიტრი მედვედევი:  ბატონი სააკაშვილი ილუზიებში იმყოფებოდა

დიმიტრი მედვედევი: ბატონი სააკაშვილი ილუზიებში იმყოფებოდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, "მშვიდობის დასამყარებელი ოპერაციის" დაწყება სამხედროების მოხსენებების საფუძველზე გადაწყვიტა და მხოლოდ ამის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ პუტინს.

"ჩვენ მანამდეც გვქონდა სატელეფონი საუბრები, რადგან იქ იყო გარკვეული ესკალაცია. ღამით ვლადიმერ პუტინთან საუბარი არ მქონია, მე მხოლოდ ვისმენდი სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებებს. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც დავარქვი ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში",-განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, მას და პუტინს ყოველთვის "უბრალო პოზიცია" ჰქონდათ. "ეს იყო ის, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენ დავიცავთ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს",-განაცხადა მედვედევმა.
რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მედვედევის განცხადებით, ეს იყო რთული გადაწყვეტილება.

"მახსენდება, როგორ ვსაუბრობდი ვლადიმერ პუტინთან, როდესაც ქუჩაში ვსეირნობდით. მე მას ვუთხარი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. მან მიპასუხა, რომ ისიც სწორად მიიჩნევს ასეთ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ეს ძალიან რთული იყო. მასთან საუბრის შემდეგ, მე მოვიწვიე უშიშროების საბჭო, სადაც ვთქვი, რომ მიზანშეწონილად მივიჩნევ მივიღო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოდან კოლეგებმა მხარი დამიჭირეს",-განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა სტრატეგიული გათვლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

"დიდი ალბათობით, ბატონი სააკაშვილი იმყოფებოდა ილუზიებში, რომ რუსეთში პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ, შეიძლება შეეცადოს წყანარად მიაღწიოს იმ მიზნებს, რომლის მიღწევა ვერც მან და ვერც მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს წინა წლებში. ჩემი აზრით, თავისი როლი ითამაშა იმ პირდაპირმა მხარდაჭერამ, რომელსაც სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მხრიდან. ეს მხარდაჭერა კი იყო არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალურიც",-განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, 2002 წლიდან 2008 წლამდე საქართველოს შეირაღებული ძალების დაფინანსება 50-ჯერ, თითქმის 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და საქართველომ ნატო-ს წევრობის განაცხადი გააკეთა.

"როდესაც კედელზე იარაღი არის ჩამოკიდებული, ის აუცილებლად გაისვრის. აქედან გამომდინარე ის, რომ შეიარაღდნენ, გააკეთეს განაცხადი ნატო-ზე, ადრე თუ გვიან კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანდა",-განაცხადა მედვედევმა.