დიმიტრი მედვედევი:  თბილისი, ცხინვალი და სოხუმი თავად გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა გაერთიანება

დიმიტრი მედვედევი: თბილისი, ცხინვალი და სოხუმი თავად გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა გაერთიანება

საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თავად გადაწყვეტენ, როგორ გააგრძელონ ურთიერთობები, კერძოდ, უნდათ თუ არა გაერთიანება. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი მხოლოდ დაიტოვებს უფლებას, თავისი ნაციონალური ინტერესები დაიცვას.

"ყველაფერი ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს დამოკიდებული იქნება საქართველოს ნებაზე და იმაზეც, თუ ვის აირჩევენ ქვეყნის ხელმძღვანელად", - ასეთი პასუხი გასცა დიმიტრი მედვედევმა კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის წასვლის შემდეგ მოსული ახალი პრეზიდენტი შეძლებს ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობების დალაგებას.

მედვედევის განცხადებით, რუსეთის სურვილია, რომ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.

"როგორი ფორმით განხორციელდება ეს ურთიერთობები, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამ პროცესებზე გავლენას არ მოვახდენთ, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს",-განაცხადა მედვედევმა.