დიმიტრი მედვედევი:  ჩვენი მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა

დიმიტრი მედვედევი: ჩვენი მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არც თბილისზე შტურმი იყო და არც მიხეილ სააკაშვილის დასჯა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, იმის მიზეზი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ დასჯილა, საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილებაა.
მედვედევის განცხადებით, თავის დროზე კაცობრიობას ეყო ძალა და ნება ჰიტლერის ნაცისტების გასამართლების ნიუნბერგის პროცესზე.

"არის სხვა მაგალითებიც თანამედროვე ტრიბუნალების მიერ მიღებული. ყველაფერი ქვეყნების პოზიციის შეთანხმებაზეა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. რას ვიზამთ, საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს. რაც შეეხება პოლიტიკურ განაჩენს, იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა. სააკაშვილის პოლიტიკურმა ძალამ 2012 წლის არჩევნებში კრახი განიცადა",-განაცხადა მედვედევმა.

მედევედევი, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ შეეძლო არ ჩარეულიყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში, რადგან ამით უგულებელყოფდა თავისი ქვეყნის მოქალაქეების და ნაციონალურ ინტერესებს.

მედევედევი ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არ იყო მიხეილ სააკაშვილის დამხობა ან დასჯა, არამედ რუსეთის მიზანი იყო "კავკასიაში მშვიდობის დასამყარებელი ოპერაცია" ჩაეტარებინა. მისივე თქმით, სააკაშვილის ბედი ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა და არა რუსეთს.

"ჩვენი მიზანი არ ყოფილა რეჟიმის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი სააკაშვილი გასაგები მიზეზების გამო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნებაა. მე მას სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევ, თუმცა, ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხალხმა უნდა გაარკვიოს ურთიერთობები თავის ხელმძღვანელობასთან. მე არასდროს არ მიმიცია თბილისში შესვლის, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის და სააკაშვილის დასჯის ბრძანება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვებრძოდით ქართველ ხალხს",-განაცხადა მედვედევმა.

მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქართული მხარე ცხინვალზე თავდასხმაში და აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ თავდასხმის შემდეგ მიიღო რუსეთმა გადაწყვეტილება, დაეწყო სამხედრო ოპერაცია.
"ბოლოს კი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეღიარებინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა",-განაცხადა მედვედევმა.