დათო ტურაშვილი:   მართლა არ მესმის, რა მოელანდათ აზერბაიჯანელებს

დათო ტურაშვილი: მართლა არ მესმის, რა მოელანდათ აზერბაიჯანელებს

მართლა არ მესმის, რა მოელანდათ აზერბაიჯანელებს, - ასეთი კომენტარი გააკეთა მწერალმა დათო ტურაშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებასთან დაკავშირებით. "აზერბაიჯანთან გამუდმებით მაქვს შეხება და მართლა არ მესმის, რა მოელანდათ, რატომ გააკეთეს ეს. სიმართლე გითხრათ, მეცინება ამაზე. რა "პერსონა ნონ-გრატად" გამოსაცხადებელი კაცი მე მნახეს? საერთოდ აზრზე ვერ მოვდივარ, რა შეიძლება უნდოდეთ, სასაცილოა და მეტი არაფერი. საერთოდ, ძალიან ბევრი წიგნის პრეზენტაცია გამიმართავს და რომელი არ მოეწონათ აზერბაიჯანელებს ერთი წლის შემდეგ, ვერ გეტყვით", - განაცხადა დათო ტურაშვილმა. 

აღნიშნულის შესახებ ტურაშვილმა დღეს "კვირის პალიტრასთან" საუბარში განაცხადა.

ქართველი მწერლები მაყვალა გონაშვილი, დავით ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო news.az იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 335 პირს, რომელიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე – მთიან ყარაბახში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შავ სიაში "აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის" დარღვევისთვის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისთვის მოხვდნენ.

ბესო ხვედელიძე და დავით ტურაშვილი მთიან ყარაბახში 2012 წლის მარტში ლიტერატურული ალმანახის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ. მაყვალა გონაშვილი კი მთიან ყარაბახში "საერთაშორისო პოეტურ ფესტივალზე" 2012 წლის 16-18 ოქტომბერს იმყოფებოდა.