"ქართული ოცნების" ოფისთან შელაპარაკება მოხდა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის წევრთა ნაწილი აქციას მართავს. მათი განცხადებით, ცენტრალური ოფისი რუსთავის ორგანიზაციის ახალი კადრებით დაკომპლექტებას გეგმავს, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, პირები, რომელთა დანიშვნასაც რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობებზე აპირებენ, ყოფილი "ნაციონალები" არიან.

"ქართულ ოცნებას" არჩევნები რუსთავში ჩვენმა გუნდმა მოაგებინა. ახლა კი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე პარტიიდან უმიზეზოდ გარიცხეს და ახალი ხელმძღვანელის მოყვანას აპირებენ. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან საუბარია ორგანიზაციის ისეთი კადრებით დაკომპლექტებაზე, რომლებიც ადრე "ნაციონალურ მოძრაობას" ედგნენ მხარში. სწორედ იმის გამო, რომ ამ ფაქტს ჩვენ ვაპროტესტებთ, ცოტა ხნის წინ გამოგვიცხადეს, რომ ორგანიზაცია ჩვენც უნდა დავტოვოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მუხრან თაბაგარმა.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს, ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ალი ბაბაევი გაესაუბრა, მათ შორის დიალოგი ცხარე კამათში გადაიზარდა. ბაბაევმა აღნიშნულ პირებს სექტის წარმომადგენლები უწოდა და ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ისინი პარტიის წესდებას არ ემორჩილებოდნენ, რის გამოც დღის წესრიგში მათი პარტიიდან გარიცხვის საკითხი დგას.