"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელების საკითხზე იმსჯელა

საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს , თბილისის რაიონების საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელობასა და დედაქალაქის მასშტაბით არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა, საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ კი იმას შეეხო, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო შტაბების ორგანიზება.

"ზოგიერთ შემთხვევაში შტაბების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. საუბარი იყო ვიწრო საარჩევნო თემატიკაზე", - აღნიშნა შავგულიძემ.

მისივე განმარტებით, უკვე არსებობს შეთანხმება, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს.