ქართველი მწერლების

ქართველი მწერლების "შავ სიაში" შეყვანის შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს საელჩოსთვის არ უცნობებია

ქართველი მწერლების მაყვალა გონაშვილის, დათო ტურაშვილისა და ბესო ხვედელიძის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს საელჩოსთვის ამ დრომდე არ უცნობებია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა კახა აბდალაძემ განუცხადა, საელჩოს ამ დრომდე ქართველი მწერლების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია და მათთვის ჯერჯერობით, არც არასასურველ პირთა სიაა ცნობილი.
ამასთან, საელჩოს პირველი მდივნის განმარტებით, აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრაძალულია.

"აზერბაიჯანულ მხარეს ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უცნობებია. აზერბაიჯანის კანონმდებლობით, აკრძალულია აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე. ეს კარგად იცის ქართულმა მხარემ. თავის დროზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალულია", - განაცხადა კახა აბდალაძემ.

ამასთან, საელჩოს პირველი მდივანის თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც მწერალი მაყვალა გონაშვილი იმყოფებოდა ყარაბაღში, რომელიც "ალბათ არასასურველ პირთა სიაში შეიყვანეს".
ქართველი მწერლები მაყვალა გონაშვილი, დავით ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო news.az იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 335 პირს, რომელიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე – მთიან ყარაბახში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შავ სიაში "აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის" დარღვევისთვის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისთვის მოხვდნენ.

აზერბაიჯანული სააგენტოს ინფორმაციით, სიაში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი პიტერ სემნები, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი მაქსიმ მიშენკო, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, მომღერალ ფილიპ კირკოროვის მამა ბედროს კირკოროვი, ოპერის ცნობილი მომღერალი მონსერატ კაბალიე.

ბესო ხვედელიძე და დავით ტურაშვილი მთიან ყარაბახში 2012 წლის მარტში ლიტერატურული ალმანახის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ. მაყვალა გონაშვილი კი მთიან ყარაბახში "საერთაშორისო პოეტურ ფესტივალზე" 2012 წლის 16-18 ოქტომბერს იმყოფებოდა.