ქსნის #15 დაწესებულებაში ორი პატიმარი შიმშილობს

ქსნის #15 დაწესებულებაში ორი პატიმარი შიმშილობს

ქსნის #15 დაწესებულებაში ორი პატიმარი შიმშილობს, მათ შორის ერთმა პირი ამოიკერა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაწესებულების პატიმრებმა აცნობეს.

ერთ-ერთი მსჯავრდებულის, სერგო ქიმერიძის განცხადებით, პატიმრები მათ საქმეებში დარღვევებს აპროტესტებენ, რის მიუხედავადაც, სასჯელის შემსუბუქება ან მათი გათავისუფლება არ ხდება.
ამასთან, სერგო ქიმერიძის ინფორმაციით, მძიმე ავადმყოფებს, მათ შორის მას - შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებათ და ეუბნებიან, რომ მათი შენახვა ძვირი ჯდება.

"ვითხოვთ მედიკამენტების მოწოდებას, რომელიც დანიშნული იქნება ნორმალურ კლინიკაში და არა აქ - "შოფერი" ექიმის მიერ", - განაცხადა სერგო ქიმერიძემ.

მისი თქმით, ბევრი პატიმრის, მათ შორის მისი მოთხოვნაა პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტრო დაინტერესდეს პატიმრების გაყალბებული საქმეებით, რომელთა გადახედვა დაპირების მიუხედავად არ ხდება.

"სამჯერ გავუგზავნე წერილი მთავარ პროკურორს, დაინტერესებულიყო ჩემი გაყალბებული საქმით, სადაც წერია, თითქოს ძებნილი ვიყავი, მაშინ როდესაც ბანკთან ოფიციალური ურთიერთობა მქონდა და ვიხდიდი ავტომობილის ჯარიმებს და ჩემთვის საერთოდ არ იყო ცნობილი, მქონდა თუ არა რაიმე ბრალდება წაყენებული. გარდა ამისა, ჩემს საქმეში უამრავი დარღვევაა, თუმცა პროკურატურიდან არანაირი პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია", - განაცხადა სერგო ქიმერიძემ.

მისი თქმით, 10-ზე მეტი ქრონიკული დაავადებით, 2012 წლის 20 აპრილის შემდეგ დაავადდა, მას შემდეგ რაც დააკავეს და დაწესებულებაში ეუბნებიან, რომ მისი მკურნალობა ძვირი ჯდება.
"ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთ მოშიმშილე, მალხაზ გიორგაძეც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ეპილეფსიით, ვირუსული ჰეპატიტით და სხვა მძიმე დაავადებებით არის დაავადებული, თუმცა სასჯელს არ უვადებენ.

მალხაზ გიორგაძის თქმით, მას პროტესტის ნიშნად, პირი აქვს ამოკერილი.

"უდოს კომისიას მივმართე და მითხრეს, რომ თქვენი გათავისუფლება საზოგადოებისთვის საშიშია და ვერ გაგიშვებთო. მაინტერესებს 11 თვეში, როდესაც სასჯელის ვადა ამომეწურება და გავთავისუფლდები, საზოგადოებისთვის საშიში აღარ ვიქნები?", - განაცხადა მალხაზ გიორგაძემ.

პატიმრები სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისა და უკანონო განაჩენებზე რეაგირების, ასევე მძიმე ავადმყოფების გათავისუფლების მოთხოვნით, ორშაბათიდან შიმშილობის აქციის დაწყებით იმუქრებიან.