"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. როგორც ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" განუცხადა, ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სასამართლო კოტე კუბლაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იმართება.
"ხელისუფლებას მოსვლისთანავე უნდა დაეწყო იმ დაპირების შესრულება, რომელიც მან გასცა. ეს არის სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა მოიცავდა მათ შორის სასამართლო ხელისუფლების შეცვლას. "ქართულ ოცნებას" საკმარისი უმრავლესობა ჰქონდა იმისთვის, რომ დაეწყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი, რადგან ყველა ის უსამართლო განაჩენი, რომელიც გამოტანილ იქნა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, იყო დამტკიცებული სწორედ უზენაესი სასამართლოს მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს კუბლაშვილი. მარტო გირგვლიანის საქმე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისია იმისთვის, რომ კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცესი დაწყებულიყო", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.