"აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში შეიკრიბნენ, რუსეთის შემოგდებული არიან"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში შეიკრიბნენ, რუსეთის შემოგდებული არიან.

პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმცირესობისა და გუბერნატორებთან შეხვედრაზე საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკრების ფაქტსაც გამოეხმაურა და მთავრობის წარმომადგენლებს მსგავსი საკითხებში სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"თქვენ იცით, რომ გუშინ და გუშინწინ საქართველოში დიდი შეკრება გაიმართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოპონენტების, რომლებიც აქ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. პოლიტიკური აქტიურობის უფლება ყველას აქვს, ჩვენ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს მართავს და აფინანსებს რუსეთის ფედერაციის უშუალო ხელმძღვანელობა. ეს ხალხი მათ მიერ შემოგდებულია იმ კონკრეტული მიზნით, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური სტაბილურობა არ გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარია. საქართველო არის პატარა, დელიკატურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა. ჩვენ გვყავს მეზობლად სომხეთი, აზერბაიჯანი. ვფიქრობ, ჩვენი ტერიტორია არ უნდა იქნას გამოყენებული რაიმე სახის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. ამ საკითხში ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ. ერთი მხრივ, ჩვენ პოლიტიკურად თავისუფალი ქვეყანა ვართ, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ იმ ქვეყნებმაც აქციონ თავიანთი ტერიტორია გარკვეული სახის პოლიტიკური აქტივობის არეალად ჩვენს წინააღმდეგ. ეს ხომ არცერთ პოლიტიკურ წარმომადგენელს არ მოგვეწონება? აზერბაიჯანთან ურთიერთობა, ისევე, როგორც სომხეთთან ურთიერთობა, თურქეთთან ურთიერთობა, უკიდურესად დელიკატური თემაა საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.