საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა ხვალ გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენიდან აცნობეს, სხდომა იუსტიციის სახლში, 14:00 საათზე ჩატარდება.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ეხება საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა;
კიდევ ერთი კონსტიტუციური კანონის პროექტი ეხება მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას;
მესამე საკონსტიტუციო კანონის პროექტი ეხება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხებს.
საყოველთაო-სახალხო განხილვები ჩატარდა ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრები გაიმართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხესა და ოზურგეთში.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას ხელმძღვანელობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე.