გიგა ბოკერია მთავრობას მიმართავს

გიგა ბოკერია მთავრობას მიმართავს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამინისტროების თანამშრომლებს პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე გამოკითხვა უტარდებათ. როგორც გიგა ბოკერის განცხადებაშია ნათქვამი, უწყებათაშორის კომისიას სამინისტროების თანამშრომლებმა კონფიდენციალურად განუცხადეს, რომ გამოკითხვას კოორდინირებას მთავრობის კანცელარია უწევს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 

"24 ივლისს უწყებათაშორის კომისიას არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნებმა" მიმართა და სახელმწიფო დაწესებულებებში მიმდინარე იმ გამოკითხვის კანონიერების შესწავლა მოითხოვა, რომელშიც საჯარო მოსამსახურეებს მათთვის ყველაზე მისაღები ხედვებისა და ორიენტაციის პოლიტიკური პარტიის, პარტიულობის, ასევე რეგიონალური წარმომავლობის იდენტიფიცირებას თხოვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული კითხვარის დარიგება ორი კვირის წინ რამდენიმე სამინისტროს აპარატში მოხდა. საკითხის გარკვევის მიზნით, კომისია საქართველოს მთავრობის კანცელარიას დაუკავშირდა, სადაც კვლევის ჩატარების ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ საჯარო პირთა გამოკითხვას არა საქართველოს მთავრობა, არამედ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებდა და ისინი მხოლოდ დახმარებას უწევდნენ უნივერსიტეტს 12 სამინისტროში კვლევის ჩატარების კოორდინირების მხრივ. პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ, 10 ივნისით დათარიღებულ წერილში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კვლევის მიზნად "საჯარო სექტორში დასაქმების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზს" ასახელებს", - ნათქვამია ბოკერიას განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო ასევე გაესაუბრა საჯარო დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს, რომელთაც კონფიდენციალობის დაცვა ითხოვეს და კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ანკეტა სამინისტროებში მთავრობის კანცელარიიდან დაიგზავნა და შევსებული კითხვარების შეგროვებასაც ეს უწყება უწევდა ორგანიზებას.

"აღნიშნული კვლევის წინასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის კანცელარიის კოორდინირებით, 12 სამინისტროსა და მათ ტერიტორიულ ორგანოებში განხორციელება არა უშუალოდ უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ, პირისპირ ინტერვიუს ფორმით, არამედ ანკეტური გამოკითხვის სახით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საჯარო მოხელეები კითხვარებს მათი ხელმძღვანელობის მითითებით ისე ავსებენ, რომ კვლევის უშუალო შემსრულებელთან იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, ხოლო მონაცემთა უსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვის საკითხი ბუნდოვანია, რადგან შევსებული ანკეტების შეგროვება სამინისტროების ადმინისტრაციათა მიერ ხდება. ასეთ ვითარებაში პარტიულობით, პოლიტიკური პრეფერენციებითა და რეგიონალური წარმომავლობით დაინტერესება, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე ზემოქმედებად და ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებად იქნეს აღქმული. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც სამართლიანი არჩევნების მონიტორინგმა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან 1790 ადამიანის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი გამოავლინა", - ნათქვამია ბოკერიას განცხადებაში.

მისივე თქმით, საკითხის შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის არაერთი დებულების დარღვევა.

"მათ შორის, ისეთის, რომელიც ინდივიდის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება და კანონის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება (მუხლი 2). მე-6 მუხლი კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, რომელთაგან მოცემულ შემთხვევაში არც ერთი არ არის სახეზე. უფრო მეტიც, დარღვეულია ის ნორმა (მუხლი 6. 2. ა), რომლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტმა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა წერილობით უნდა გამოხატოს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: შეაჩეროს აღნიშნული კვლევა და მომავალში უარი თქვას პირდაპირ ან ირიბად ისეთი ინფორმაციის შეგროვებაზე, რომელიც კანონით არის დაცული და პოლიტიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, საჯარო მოხელეებზე ზემოქმედების მცდელობად იყოს აღქმული. კომისიის თავმჯდომარე ასევე მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და მოითხოვოს არა მხოლოდ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, არამედ მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის საწინააღმდეგოდ ხორციელდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.