იუსტიციის მინისტრს სურს, ბიძინა ივანიშვილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს პოლიტიკაში, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი წასვლის გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ქვეყანა დამშვიდებული იქნება.
"ჩემი, როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრის გულწრფელი სურვილია, ბიძინა ივანიშვილი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს პოლიტიკაში, რადგან ქვეყანას სჭირდება საკმაოდ დიდი ხნით პოლიტიკური სტაბილურობა. ძალიან ბევრი პრობლემაა და ბევრი დემოკრატიული ინსტიტუტია შესაქმნელი. ამიტომ მჯერა, რომ წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ის მაშინ მიიღებს, როცა ქვეყანა იქნება დამშვიდებული და დემოკრატიული ინსტიტუტები შეუქცევადად შექმნილი, ისე, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მას შემდეგ, სისტემას ვეღარ შეცვლის", - აღნიშნა წულუკიანმა.
ბელგიური გამოცემა Euobserver-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მათთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება.