ჯემალ ანანიძე:  უნდა გაკეთებულიყო

ჯემალ ანანიძე: უნდა გაკეთებულიყო "ავარიული ზონა" და არა "აკრძალული ზონა"

ბათუმის მერი, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 16 წლის მარიამ კოჩალიძე მოკლული იპოვეს, გაჩენილ წარწერას გამოეხმაურა. როგორც ჯემალ ანანიძემ აღნიშნა, უნდა გაკეთებულიყო წარწერა არა "აკრძალული ზონა", არამედ "ავარიული ზონა". მერის თქმით, აღნიშნული ტერიტორია სახიფათოა როგორც მოსახელობისთვის, ასევე მძღოლებისთვის, რადგან, საფეხმავლო ბილიკს შტორმმა საყრდენი გამოაცალა:

"აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შტორმმა სანაპირო ზოლი დააზიანა, მიუხედავად პატრულთან ერთად მუშაობისა, მანქანები აგრძელებდნენ მოძრაობას, სავალი გზიდან გადადიოდნენ საფეხმავლო ბილიკზე, რითაც ბილიკიც ზიანდებოდა. დაზიანებულ ბილიკს საყრდენიც გამოცლილი აქვს და ერთ კვირაში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, ამიტომაც ჩავთვალეთ, ეს ზონა გამოგვეცხადებინა ავარიულ ზონად, რითაც გაფრთხილდებოდა მოსახლეობა და მანქანების მფლობელები. არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის ბულვარის ტერიტორია, წარწერამდე ბულვარი მთავრდება ერთ კილომეტრში. ბულვარის შემადგენელი ნაწილი გახდება მას შემდეგ რაც ბულვარის ინფრასტრუქტურის ელენემტები და ველოსიპედის ბილიკები გაკეთდება. ზეპირი მითითება მივეცი წარწერის შესახებ ინფრასტრუქტურის სააგენტოს, რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა ჩემდა გასაკვირადაც გაჩნდა წარწერა "აკრძალული ზონა" და არა "ავარიული ზონა" ამიტომ მოვახდინეთ მისი დემონტაჟი, რადგან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და არ შეესაბამება სინამდვილეს. გაჩნდება წარწერა, ავარიული საშიში ზონა მანქანების გადაადგილებისთვის", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

ჯემალ ანანიძის თქმით, პატრულთან ერთად შევჯერდით, რომ ტერიტორიაზე პარკირების მაკონტროლებელი თანამშრომლები ჰყავდეს, რათა არ მოხდეს უბედური შემთხვევა.
ტერიტორიაზე, სადაც მარიამ კოჩალიძე მოკლული იპოვეს, ორი დღის წინ გაჩნდა წარწერა "აკრძალული ზონა", გუშინ კი აღნიშნული ტრაფარეტის დემონტაჟი მოხდა.

"გარდაცვალების შემდეგ ჩაითვალა, რამდენად დაცული იყო ეს ზონა. საერთოდ მერია არ იცავს უსაფრთხოებას, საპატრულო პოლიცია აკეთებს ამას. მკვლელობა შეიძლება მოხდეს სხვა ადგილას სხვა პირობებში, ჩვენ როცა მივედით იმ ადგილას, ჩავთვალეთ, რომ რადგანაც საფეხმავლო ბილიკს არ აქვს საყრდენი, არ მომხდარიყო რამე უბედურება და გადავწყვიტეთ ტრაფარეტის დადგმა. ასევე, დაემთხვა, რომ მივედი მკვლელობის ადგილზე და დავათვალიერე", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.