გიორგი ბარამიძე:  ივანიშვილი ცდილობს, რეალური მმართველი იყოს მაშინაც, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღარ ექნება

გიორგი ბარამიძე: ივანიშვილი ცდილობს, რეალური მმართველი იყოს მაშინაც, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღარ ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ბარამიძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ქვეყნის რეალური მმართველი იყოს მაშინაც, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღარ ექნება , - ასე აფასებს ბარამიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ პოლიტიკიდან შესაძლოა, ახალ წლამდე წავიდეს.

"ძალიან უცნაური განცხადება და იმის გამოვლინებაა, რომ ბატონ პრემიერ- მინისტრს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული პროცესი საკმაოდ უცნაურად ეჩვენება. იგი ცდილობს, თავისი ფულით დარჩეს ქვეყნის რეალური მმართველი მაშინ, როცა აღარ ექნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც პრემიერ-მინისტრს", - განუცხადა გიორგი ბარამიძემ ჟურნალსიტებს.

მისივე შეფასებით, ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება ქვეყანაში მოხდეს.

გარდა ამისა, გიორგი ბარამიძე პრემიერის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები და მათი ლიდერების დაკავებების თაობაზე მუქარა "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ დაშლის და ვერ გაანადგურებს.

"ასეთი ტიპის განცხადებები "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ დაშლის და ვერ გაანადგურებს. საზოგადოება ხედავს დაჭერების ფონზე რა ხდება, როგორ ვითარდება პარტია. ჩვენი პარტია მიდის წინ და მალე უფრო შეკრულ და განახლებულ გუნდად წარმოუდგება ხალხს. ჩვენი წევრების დაჭერით ვერ გაგვანადგურებენ. ამით ზიანი მიადგება მხოლოდ საქართველოს", - აღნიშნა ბარამიძემ.