მოშიმშილე პატიმართა მოთხოვნები ისეთია, რომელთა ნაწილის დაკმაყოფილებაც უბრალოდ ჩვენ ძალას აღემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
სუბარის ინფორმაციით, მოშიმშილეთა რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შემცირდა.
"სასჯელის შეკრებითობასთან დაკავშირებით არის მათი მოთხოვნები, რაც არის სასამართლოს პრეროგატივა და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ითხოვენ პარლამენტის წევრებთან შეხვედრას. რამდენადაც ვიცი, პარლამენტის წევრები აპირებენ მათთან შეხვედრას, შესაბამისად, ეს მოთხოვნა მათი არის გათვალისწინებული. ასევე აქვთ პრეტენზია პირობით ვადაზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი უწყება, რომელშიც, ჩვენი სამინისტროს გარდა, შედის თვითმმართველობის ორგანოს, იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მათ აქვთ მკაფიო კრიტერიუმები, რის მიხედვითაც იღებენ გადაწყვეტილებას. სამინისტრო, შესაბამისად მათ საქმიანობაში ვერ ჩაერევა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მინისტრი აღნიშნავს, ერთი პატიმარის მდგომარეობა ამ წუთებისთვის არის ძალიან გაუარესებული. სუბარის თქმით, სავარაუდოდ დღეს ამ პატიმრის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
"რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენი სამინისტროს მხრიდან მუდმივ კონტროლზეა თითოეული მათგანის ჯანმრთელობა. ერთადერთი პატიმარია, რომლის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის ძალიან გაუარესებული და სავარაუდოდ დღეს მოხდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა. მე მინდა ადვოკატებსაც და მათ მშობლებსაც ვთხოვო, რომ მოუწოდონ, განსაკუთრებით იმ პატიმრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ცუდია, შიმშილობის შეწყვეტისკენ, რადგან პატიმრებისთვის შიმშილობამ შეიძლება მძიმე შედეგები მოიტანოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს ქსნის ციხეში აპირებენ პატიმრები შიმშილობის დაწყებას.
არსებული ინფორმაციით, 30-მდე პატიმარი რუსთავის მე-17 დაწესებულებაში შიმშილობს.