ადმინისტრაციულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

ადმინისტრაციულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

ადმინისტრაციულ დარღვევებთან დაკავშირებით ჯარიმების გაზრდას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. 

ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კრიტიკის საგანი გახდა. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს არსებული ჯარიმების მკვეთრ და დაუსაბუთებელ ზრდას.

"შთაბეჭდილება მრჩება, კანონპროექტის ავტორი იჯდა და ფიქრობდა, რა ნაწილში, სადამდე შეიძლებოდა ჯარიმების გაზრდა და რამდენით შეივსებოდა ბიუჯეტი", – განაცხადა კომიტეტის

თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ, რომლის აზრითაც, მისაღებია, თუკი საუბარი იქნება სანქციების საფეხურეობრივ ზრდაზე, როცა პირველ დარღვევაზე ჯარიმა ნაკლებია და ის საფეხურეობრივად, განმეორებით შემთხვევებზე იზრდება.

პროექტის გარშემო გამართული კამათის დროს განსაკუთრებული ყურადღება არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე გამახვილდა – შემოთავაზებული პროექტით, ნასვამ მძღოლებს პირველივე ჯერზე ერთი წლით მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. პარლამენტში კი თვლიან, რომ ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მიღებული სასმელის დასაშვები ოდენობები.

ასევე კამათის საგანი გახდა სანქციის გამკაცრება "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნაზე". საკომიტეტო განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის შესაბამისი მუხლი ან უნდა დაზუსტდეს და დაკონკრეტდეს, ან აღნიშნული ჩანაწერი კანონიდან საერთოდ უნდა იყოს ამოღებული.

ამავე პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევაზეც მკაცრდება. სანქციები მკაცრდება მშობლების მიმართ, რომლებიც არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის მოვალეობას ვერ ასრულებენ.

იზრდება სანქციები ავტომობილებზე დაბურული მინების ქონაზე. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტით, მინების დამუქებაზე 50-ლარიანი ჯარიმა ძალაში რჩება, თუმცა უწყება კანონმდებლებს სთავაზობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევთა კოდექსს დაემატოს მუხლები, რომელთა გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება პირის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში კი, მას მართვის უფლებას 6 თვის ვადით ჩამოართმევენ.

გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია ხუთმაგდება და 400-დან 2000 ლარამდე იზრდება. 2000 ლარიანი ჯარიმა ან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება პირს მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში.