ლუკა პაატაშვილი: მათი უმრავლესობა არის ძალიან მძიმე კრიმინალურ წარსულის მქონე - საქართველოს სახელმწიფო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაში

ლუკა პაატაშვილი: მათი უმრავლესობა არის ძალიან მძიმე კრიმინალურ წარსულის მქონე - საქართველოს სახელმწიფო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს მათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაში

კრიმინალური წარსულის მქონე 87 პირი ისევ "დარიალის" სასაზღვრო პუნქტის ნეიტრალურ ზონაშია. როდის დატოვებენ ტერიტორიას უკრაინის მოქალაქეები - კიევის პასუხს ამ დრომდე ელოდება თბილისი. 

საქართველომ-უკრაინას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის მექანიზმები ჰაერით და ზღვით უკვე შესთავაზა და ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა. 

ხელისუფლება არ აპირებს, ტერიტორიაზე შემოუშვას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები და ამით ქვეყანას საფრთხე შეუქმნას.

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის "დარიალის" უფროსის მოადგილის, ლუკა პაატაშვილის განცხადებით, "დარიალის" ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, 87 პირია შეჩერებული, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არიან ნასამართლევი. 

"ამ ეტაპზე, ნეიტრალურ ზონაში შეჩერებულია 87 პირი. მათი უმრავლესობა არის ძალიან მძიმე კრიმინალურ წარსულის მქონე. გასამართლებულები არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. ამავდროულად, არ აქვთ არანაირი დოკუმენტაცია, რომ მოხდეს მათი ან იდენტიფიცირება, ან რაიმე სამგზავრო დოკუმენტი ჰქონდეთ, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება განიხილებოდეს. საქართველოს სახელმწიფო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაეხმაროს. ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ დერეფანი გაიხსნას, რათა მოხდეს მათი თავიანთ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნება. შეთავაზებული არის ორი სხვადასხვა ტიპის გზა - ეს არის საჰაერო და საზღვაო. ამ ეტაპზე, მზადყოფნა ან რაიმე კონკრეტული პასუხი უკრაინის მხრიდან ჯერჯერობით არ არის. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რამდენიმე პირი უბრალოდ შიმშილობდა. მათ ამ ეტაპისთვის შიმშილობა შეწყვიტეს, რადგან მოხდა კომუნიკაცია უკრაინის საელჩოსა და შეჩერებულ პირებს შორის. შესაბამისად, უკრაინის საელჩო დაჰპირდა, რომ უმოკლეს ვადაში ისინი მათ წაიყვანენ და დააბრუნებენ საკუთარ ქვეყანაში", - განაცხადა ლუკა პაატაშვილმა.