საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი არადამაჯერებლად მიიჩნევს 10 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული 46 წლის მამაკაცის საქმეში პროკურორ თინათინ ზუბაშვილის გამრატებას. მისი თქმით, აუცილებელია პროკურორმა, უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს თავისივე განცხადებაში.
"10 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ 46 წლის მამაკაცს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ საკითხზე ძალიან ბუნდოვანი განმარტება გააკეთა პროკურორმა, თინათინ ზუბაშვილმა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრისთვის, ყოვლად მიუღებელია ასეთ სენსიტიურ თემაზე- პროკურორ ზუბაშვილის არადამაჯერებელი განმარტება. აუცილებელია პროკურორმა, უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს თავისივე განცხადებაში, რის შემდეგაც არ იქნება ინსინუაციების ცუნამი", - აცხადებს ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ 10 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ 46 წლის მამაკაცს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამაკაცი ამნისტირებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. როგორც პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მამაკაცს წაყენებული ბრალი შეუმსუბუქდა.
„ბრალდებულის ქმედება სსკ-ის 140-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, ვინაიდან, ფიზიკური ძალადობის ფაქტი ვერ დადასტურდა. აღნიშნული მუხლი, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს. ეს ფაქტი დადასტურდა და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თინათინ ზუბაშვილმა.
თავდაპირველად, გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც 14 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცავებმა, მამაკაცი, გურჯაანის რაიონში, 11 მაისს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის მარტში, მან თანასოფლელ 10 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მიმალვის მიზნით ახმეტის რაიონში მეგობართან გაემგზავრა, სადაც სამართალდამცავებმა დააკავეს.