საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტესს პირისპირ შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხს.
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტესს საქართველოსადმი გამოჩენილი მეგობრული და პარტნიორული დამოკიდებულებისთვის. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა აფასებს, რომ წინა წლების მსგავსად, 2013 წელს საქართველო რჩება ლიტვისთვის "განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის" პრიორიტეტული ქვეყნების ნუსხაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ასევე ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ასევე ლიტვის სეიმის ევროპული კლუბის წევრებს. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს საკითხს. როგორც შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ცალსახა და ურყევი ნებაა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და კანონის უზენაესობის დამკვიდრება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზით.