პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია პროექტი, რომლის საფუძველზეც, სასესხო ან იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების მექანიზმების განხორციელება 1-ელ თებერვლამდე ჩერდება. ცვლილებები "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში და "სამოქალაქო კოდექსში" შედის. პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძეა.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ასეთი ყაჩაღური ურთიერთობები რომ აღარ იყოს", მომავლი წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა შეიცვალოს სამართლებრივი ბაზა აღსრულების სფეროში. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ბაზა იმ ადამიანებისა, რომლებსაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ.
"იმედი მაქვს, ბანკები თვითონ გამოიჩენენ კეთილ ნებას და სასესხო ხელშეკრულებებს გადახედავენ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იპეთეკა ბინის ხელში ჩაგდების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება არ არის. ბანკი უძრავი ქონების სააგენტო არაა, რომ ასეთ ქონებას ყიდდეს. მათ მეორე მხარეს ვალდებულებების ახლებურად შესრულების გზა უნდა შესთავაზონ. ქვეყანაში იყო ფორსმაჟორი 2008 წლის აგვისტოს ომის სახით. ასევე იყო არასწორი სამართლებრივი რეგულაციები. აგვისტოს ომის შემდეგ, ბანკებს სახელმწიფომ დახმარება გაუწია, მაგრამ ეს უპირობო დახმარება არ უნდა ყოფილიყო და ბანკისთვის უნდა ეთქვათ, რომ როცა მას ეხმარებოდნენ, ის თავის მხრივ, თავის კრედიტორებს უნდა დახმარებოდა. ფორსმაჟორი მარტო ბანკებისთვის არ იყო", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.