"პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ნაკლებად პომპეზური იქნება"

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით, "პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ნაკლებად პომპეზური იქნება".

მომავალი პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მშენებლობას კომპანია "არტესი" აწარმოებს. პროექტის საერთო ღირებულება დამტკიცებულია წინა მთავრობის დროს. კომპანიის ანგარიშზე საერთო ღირებულების 70% უკვე გადარიცხულია.

"ეს შენობა იქნება ნაკლებად პომპეზურტი, რაზეც გაგვიშვებს დღეს არსებული კონტრაქტი. 21 მილიონიან ხელშეკრულებაში 16 მილიონი უკვე გადარიცხულია", - განაცხადა მურღულიამ.

სამშენებლო სამუშაოები საპრეზიდენტო კამპანიის პარალელურად მიდის. შენობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე გადაეცა. ამ ეტაპზე ინვენტარიზაცია და პროექტის დამუშავება მიმდინარეობს.

"მთავრობამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება გაკეთებული, იქ სადაც ადრე იგულისხმებოდა, რომ პრემიერის ახალი რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. როგორც იცით, პრემიერმა ნებისმიერი ახალი რეზიდენციის მშენებლობაზე უარი თქვა, აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო გამოსავალი პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა იქნებოდა ამ ადგილას", - განაცხადა მთავრობის კანცელარიის უფროსმა ირინე ცქიტიშვილმა.