"მთავრობას საპატრიარქოსთან არანაირი საიდუმლო მიმოწერა არ აქვს"

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "საქართველოს მთავრობას საქართველოს საპატრიარქოსთან არანაირი საიდუმლო მიმოწერა არ აქვს".

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალ "ქვაკუთხედის" რედაქტორის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით მიმოწერის გასაჯაროებას ითხოვდა.

"იუსტიციის სამინისტროს და ზოგადად, საქართველოს მთავრობას არ აქვს არანაირი საიდუმლო მიმოწერა საქართველოს საპატრიარქოსთან, რადგან ჩვენ, საერო ხელისუფლებას სასულიერო ხელისუფლებთან ურთიერთობისას არაფერი გვაქვს დასამალი. რაც შეეხება ახალ, ელექტრონულ პირადობის მოწმობებს, რომლებსაც სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება გაუგებარ სიტყვას ID ბარათებს უწოდებდა, ეს ჩვეულებრივი პირადობის მოწმობაა და ძველი მოწმობებისგან განსხვავებით, მისი გაყალბება შეუძლებელია და ის ჩვენ ბევრად დაგვეხმარება საარჩევნო პირობების მოსაგვარებლად", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ელექტრონულ პირადობებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს იუსტიციის სამინისტრო თვის ბოლოს გაასაჯაროებს.