საქართველოში კვლავ შერჩევითი სამართალია

საქართველოში კვლავ შერჩევითი სამართალია

გასული წლის ნოემბერში მაშინდელმა ახალმა ხელისუფლებამ კარგად დავიწყებული ძველი სახეები შემოგვთავაზა თანამდებობებზე. მათ შორის იყო 2006 წლის ციხის ბუნტის ავტორი გია ქავთარაძე, რომელიც კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მოუვლინა საზოგადოებას. როგორც კი ქავთარაძე კვლავ გამოჩნდა პოლიტიკურ სცენაზე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მისსა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, თამილა მჭედლიშვილის დაპირისპირებაც, რომელმაც საჯაროდ დაიწყო გია ქავთარაძის მხილება მთელ რიგ კორუფციულ გარიგებებსა და თანამდებობების ბოროტად გამოყენებაში. მჭედლიშვილი მაშინვე ქავთარაძის მხრიდან მუქარაზე ალაპარაკდა. რთული სათქმელია, რამდენად რეალური კომპრომატები ჰქონდა ყოფილ ხელქვეითს თავის უფროსზე, მაგრამ ფაქტია, რომ გია ქავთარაძე ახალი თანამდებობიდან ზუსტად 4 დღეში გადადგა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, იგი კვლავ რჩება ენერგეტიკის მინისტრის არაოფიციალურ მრჩევლად და სრულად ფლობს ინფორმაციას ენერგოსფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მონაწილეობას იღებს კიდეც გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ჩვენი ყურადღება გია ქავთარაძისა და თამილა მჭედლიშვილის დაპირისპირებაზე სულ სხვა გარემოების გამო შეჩერდა - საქმე ისაა, რომ მიმდინარე წელს უკვე ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ეკონომიკური კორუფციის მონიტორინგის ცენტრმა“ და „სამოქალაქო საზოგადოება - ევროპული არჩევანმა” გააკეთეს ოფიციალური განცხადება თამილა მჭედლიშვილის გაუჩინარების შესახებ. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს იმფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ და... სამწუხაროდ, იგი მართალი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც თამილა მჭედლიშვილმა ოფიციალურად დაუდასტურა საინფორმაციო სააგენტო „მედია ნიუსს“ გია ქავთარაძის მხრიდან მისსა და მის ქალიშვილის მისამართით მუქარის ფაქტი, იგი გაუჩინარდა. დღემდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. დაკარგულია, ასევე, მისი ქალიშვილიც. საკმაოდ რთული აღმოჩნდა პოლიციასთან ურთიერთობა, რადგან სამართალდამცავებმა არც უარყვეს და არც დაადასტურეს, რომ ყოფილი ჟურნალისტი დაკარგულია. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პოლიციაში მისი მომკითხავი არავინაა - მჭედლიშვილს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს. საქართველოში რომ კვლავ შერჩევითი სამართალია, ამას უკვე დიდი ხანია, ვაღიარებთ. ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის მიუღებელი პირები, რომლებიც მათზე საკმაოდ მსუყე კომპრომატებს ფლობენ, ან იკარგებიან, ან სადმე არიან თავისთვის გაჩუმებულები. ფაქტი კი ფაქტად რჩება - ჩვენ არ ვიცით დღემდე, რა ბედი ეწიათ დედა-შვილს.