პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა

პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. უწმინდესმა კომპანია "BK Capital"-ის დამფუძნებლის , შოთა ბერიკაშვილისა და ფონდ "ივერიისას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძისგან მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა, დეტალებს გაეცნო და მშენებლები დალოცა. პატრიარქმა ტაძრის საკურთხეველი დაათვალიერა და ტაძრის შუაგულში სანთელიც დაანთო. 

მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ტერიტორიის დატოვებამდე ჟურნალისტებმა უწმინდესს რუსეთთან დაკავშირებით ვიზიტზეც ჰკუთხეს, თუმცა პატრიარქმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ აქ ამის ადგილი არ არის. "აქ დღეს ჩვენ ლოცვისთვის შევიკრიბეთ", - აღნიშნა ილია მეორემ.

უწმინდესმა დალოცა მშენებლები, პაატა ბურჭულაძე, მახათას მთაზე შეკრებილები და მთელი საქართველო, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "BK Capital"-ის დამფუძნებელმა შოთა ბერიკაშვილმა განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი, რომელიც ერთი თვეა, რაც დაიწყო. ტაძრის მშენებლობა დაახლოებით 20-24 თვეში დასრულდება.

მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის საძირკველი 2011 წლის 12 მაისს ეკურთხა, 2012 წლის 17 აპრილს ტაძრის საძირკველი გაიჭრა, ხოლო 2013 წლის 7 მაისს მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო. ტაძრის მშენებლობა 2700 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს, ტაძრის სიგრძე იქნება 60 მეტრი, სიგანე 32 მეტრი, სიმაღლე ჯვრის ძირამდე 51 მეტრი იქნება. მშენებლობას ახორციელებს კომპანია "BK Capital"-ი.