გურამ გირგვლიანი:  მირჩევნია გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს

გურამ გირგვლიანი: მირჩევნია გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდეს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა სასულიერო პირი, რომელიც იმ ციხის ყოფილი დირექტორია , სადაც გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ, - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხულები არიან ციხის სხვა თანამშრომლებიც, რომლებიც სასჯელაღსრულების ავჭალის დაწესებულებაში მუშაობდნენ იმ პერიოდში, როდესაც გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები პრივილეგიებით სარგებლობდნენ. გურამ გირგვლიანი გამოძიების მიმდინარეობისას გამოკვეთილ ახალ დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ახალი გარემოება გამოიკვეთა და გამოჩნდა ბევრი პირი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ჩვენებას აძლევს.

"გამოჩნდა ძალიან ბევრი ახალი გარემოება და გამოჩნდა ბევრი პიროვნება. მათი დაკითხვა მიმდინარეობს. მათ შორის დაკითხულია ციხის უფროსი, ვინც იმ პერიოდში ციხეს ხელმძღვანელობდა. ეს არის სასულიერო პირი. ასევე დაკითხულია ყველა თანამშრომელი. მათი ნაწილი ამჟამადაც მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

მისი თქმით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნია. "ამ საქმეს იძიებს კეთილსინდისიერი გამომძიებელი და შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა მას, რომელიც გულით მიუდგა ამ ყველაფერს. მესმის, რომ საზოგადოება ძალიან მომთხოვნია, თუმცა მირჩევნია გამოძიება გაგრძელდეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი ბერკეტი აქვს, რათა პასუხისმგებლობა ააცილოს დამნაშავე პირებს", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.