ექსპერტის სოსო ცინცაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობიდან" ვინც წასასვლელი იყო, წავიდა".
ამის შესახებ ცინცაძემ "ნანუკას შოუში" პრეზიდენტის განცხადების - "ბევრი ნაგავი მოვიშორეთ, დავინახეთ შეცდომებიც, რადგან ურემი რომ გადაბრუნდება, გზა ჩანს გადასარევად. პარტიიდან ბევრი ნაგავი მოიშორეს" შეფასებისას განაცხადა.
"პრეზიდენტმა ნაგავში ალბათ, ის პირები იგულისხმა, რომლებიც პარლამენტსა და საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" სიით გავიდნენ და შემდეგ "ქართული ოცნების" მხარეს გადავიდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ამ ხალხს ღირსება შეემატა. მე პირადად, ამ ხალხს პატივს არ ვცემ. უკეთესი იქნებოდა, მათ პოლიტიკა საერთოდ დაეტოვებინათ და მმართველი პარტიის მხარეს არ გადასულიყვნენ. მიხეილ სააკაშვილს საამისოდ არ უნდა გაეხადა საქმე და მაშინ უნდა დაფიქრებულიყო, სიაში ფულის სანაცვლოდ რომ შეჰყავდათ ხალხი. სხვა მხრივ, პრეზიდენტი მართალია, როცა ამბობს, რომ პარტია ნაგვისგან გაიწმინდა. ვინც წამსველი იყო წავიდა და ეს წმენდა მაშინ მოხდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ პირდაპირი აგრესია მიდიოდა, რაც ხშირად არამოტივირებული ბრბოს სახეს იღებდა. დარჩა ის, ვინც ამ ყველაფერს გაუძლო. ეს ზეწოლა თანდათან მცირდება, რაც გარე ფაქტორის დამსახურებაა, რადგან მთელი ევროპა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ოპოზიციას, როგორიც არ უნდა იყოს ის, პატივი უნდა სცეს", - განაცხადა ცინცაძემ.