თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე, მოსარჩელე მაია გონაშვილის სარჩელი, მოპასუხე "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმართ სრულად დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" რექტორის 2012 წლის 7 აგვისტოს №02-1710 ბრძანების (მოსარჩელის ასოცირებული პროფესორის თანამდებობიდან გათავასუფლების შესახებ) და ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 7 აგვისტოს №02-1711 ბრძანების (მოსარჩელის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობიდან გათავასუფლების შესახებ) ბათილად ცნობა; ასევე, მოსარჩელის აღდგენა "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორის თანამდებობასა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობებზე და მისთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოსვე ინფორმაციით, მოპასუხე "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა" წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებით, არ ცნო მაია გონაშვილის სარჩელი და განმარტა, რომ "საქართველოს შრომის კოდექსის" მიხედვით, დამსაქმებელს, ე. ი. უნივერსიტეტის რექტორს, უფლება აქვს შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან და ცალმხრივად მოშალოს მასთან შრომითი ხელშეკრულება. ასევე, "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველო კანონისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა ადმინისტრაციის პერსონალთან.
"სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მართლმსაჯულების განხორციელებისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე მაია გონაშვილის სარჩელი. არ გაიზიარა მოპასუხე "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიერ წარმოდგენილი შესაგებელი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მაია გონაშვილთან მოპასუხე უნივერსიტეტის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულებების ვადაზე ადრე მოშლა არ იყო განპირობებული რაიმე მიზეზით: მოპასუხე უნივერსიტეტში განხორციელებული ე.წ. რეორგანიზაცია არ იქნა მიჩნეული მოპასუხის მიერ სადავო ბრძანებების გამოცემის სათანადო საფუძვლად, რომელსაც შეეძლო გამოეწვია მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულებების მოშლა, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა",-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ამასთან, სასამართლოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.