ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ლიტვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასოცირების შესახებ ხელშეკრულება საქართველოსთან პარაფირებული იქნას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა, ალგირდას ბუტკევიჩიუსმა განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა გულითადად მიულოცა ალგირდას ბუტკევიჩიუსს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი და აღნიშნა, რომ ეს არის შესაძლებლობა, ლიტვამ განახორციელოს დასახული ამოცანები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის გაძლიერებაში.
"მოხარული ვარ, რომ შედგა ჩემი შეხვედრა ბატონ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი და მრავალმხრივი აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ლიტვის სეიმის ევროპული კლუბის წევრებსაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს საკითხს.
როგორც შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის ცალსახა და ურყევი ნებაა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და კანონის უზენაესობის დამკვიდრება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზით.