საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" 11 პარლამენტარმა და თბილისის საკრებულოს 14 წევრმა დატოვა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს პარლამენტარებმა: მარიკა ვერულაშვილმა, კახაბერი ოქრიაშვილმა, სერგო ხაბულიანმა, გოგი ლიპარტელიანმა, გოდერძი ბუკიამ, გურამ მისაბიშვილმა, ენზელ მკოიანმა, გოჩა ენუქიძემ, იაშა შერვაშიძემ, გიორგი ფეიქრიშვილმა და გიორგი გოზალიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს: კოკი იონათამაშვილმა, ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა, ზურაბ გაჩეჩილაძემ, გიორგი ნემსაძემ, ირაკლი შიხიაშვილმა, მიხეილ ქავთარაძემ, დავით ჯინჭარაძემ, კახაბერ გურულმა, მერაბ რაფავამ, ნინო თევდორაძემ, გელა ომანიძემ, გიორგი ქველაძემ, დავით წერეთელმა და ბესარიონ ბენდელიანმა.
გადაცემა "ნანუკას შოუში" პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ გუნდზე საუბრისას განაცხადა, რომ "ბოლომდე შემორჩა ხალხი, ვინც სულ უყვიროდა და ეჩხუბებოდა, მაგალითად, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია".
"არავინ არსად გაუჩინარდება და მონაცვლეობით იქნებიან მართვასა და ქართულ პოლიტიკაში. ახალი სახეები ძნელად მოდიან. ამ გუნდმა შექმნა ქართული სახელმწიფო და ის, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო, რჩება ასწლეულები, თუ ქართული სახელმწიფო გადარჩა. ჩვენთვის კარგი რამ მოხდა - ბევრი ნაგავი მოვიშორეთ, დავინახეთ შეცდომებიც, რადგან ურემი რომ გადაბრუნდება, გზა ჩანს გადასარევად. მათ შორის ისეთი შეცდომები დავინახეთ, თქვენც არ მიხვედრილხართ, მაგრამ მე მიხვედრილი ვარ და თმები ყალყზე მიდგას, ეს როგორ მოგვივიდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.