კომპანია

კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს

კომპანია "დექსუსის" მმართველი პარტნიორი, ირაკლი კილაურიძე საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავს. 

კომპანია "დექსუსისა" და "ცენტრ პოინტის" საქმეზე მთავარი პროკურორისადმი ირაკლი კილაურიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს საქმის კურსში ჩაგაყენოთ იმ ფაქტებთან მიმართებაში, რომელთაც, ვფიქრობთ, კომპანია "დექსუსისა" და "ცენტრ პოინტის" საქმეზე, შეუძლია ნათელი მოჰფინოს ბევრ საკითხს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ გამოძიებას საქმის სწორად წარმართვასა და ჭეშმარიტების დადგენაში და იმავდროულად, იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება მიუკერძოებელი და ობიექტური იქნება, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონკრეტული ფაქტებისადმი სწორ, ერთმნიშვნელოვან მიდგომას.

გასაკვირია, რომ გამოძიება არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზნობრივად (დაზარალებულ მობინადრეთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად) ხდება "ცენტრ პოინტის" ქონების განკარგვა/გამოყენება მას შემდეგ, რაც რჩეულიშვილებმა შეწყვიტეს მართვის ხელშეკრულება კომპანია "დექსუსთან". დაინტერესების შემთხვევაში გამოძიება აღმოაჩენდა, რომ 2013 წლის მარტის შემდეგ, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, მაია რჩეულიშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის შპს "გეითვეი ჰოლდინგი"-დან და შპს "ბორჯომ-ლიკანის დასასვენებელი სახლიდან" განკარგულ იქნა 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება. მაია რჩეულიშვილმა, როგორც შპს "გეითვეი ჰოლდინგის" და შპს "ბორჯომ-ლიკანის დასასვენებელი სახლის" დირექტორმა, 2013 წლის მარტის შემდეგ თავის მეუღლეზე - ვახტანგ რჩეულიშვილზე განკარგა/გადააფორმა 8 (რვა) ერთეული უძრავი ნივთი:

1) 124.25 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196444, თარიღი - 30/04/2013);

2) 145 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196542, თარიღი - 30/04/2013);

3) 64.25 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196513, თარიღი - 30/04/2013);

4) 53.5 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196488, თარიღი - 30/04/2013);

5) 39.2 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013219769, თარიღი - 16/05/2013);

6) 50.75 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013196394, თარიღი - 30/04/2013);

7) 63.75 კვ.მ. ფართი ქ. ბათუმში, სასტუმრო კომპლექს "მაგნოლიაში" (განცხადების რეგისტრაციის N882013219815, თარიღი - 16/05/2013);

8) 258.1 კვ.მ. ფართი ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე (განცხადების რეგისტრაციის N882013179798, თარიღი - 22/04/2013);

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საგულისხმოა რამოდენიმე გარემოება: უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ მაია რჩეულიშვილმა ვახტანგ რჩეულიშვილზე 64.25 კვ.მ. ბინა განკარგა 25700 (ოცდახუთიათას შვიდასი) აშშ დოლარად, ხოლო 63.75 კვ.მ. ბინა 25 500 (ოცდახუთიათას ხუთასი) აშშ დოლარად, რაც ნიშნავს, რომ 1 (ერთ) კვ.მ. ფართი განკარგულია 400 (ოთხასი) აშშ დოლარად. ხსენებული ორი ბინა ვახტანგ რჩეულიშვილმა 2013 წლის 24 ივნისს განკარგა ფიზიკურ პირ ჯაბა ჯინჭარაძეზე (განცხადების რეგისტრაციის N882013293327 და N882013293343) 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის მოცულობის ფულადი ვალდებულების გასაქვითად. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, უძრავი ქონების 1 კვ.მ-ის ღირებულება განისაზღვრება 780 (შვიდას ოთხმოცი) აშშ დოლარით. ბუნებრივია, ეჭვს ბადებს ფასთა შორის ასეთი სხვაობა 2013 წლის 2 (ორთვიან) პერიოდში და გამოსაკვლევია მაია რჩეულიშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ უძრავი ქონების რეალურ, საბაზრო ფასზე დაბალ ფასში განკარგვით მიადგა თუ არა ზიანი კომპანია "გეითვეი ჰოლდინგს".

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ უძრავი ქონების მესამე პირზე გასხვისების ფაქტიც, რათა გაირკვეს ხომ არ ჰქონდა ადგილი ქონების "გადამალვას".

შეგახსენებთ, რომ კომპანია დექსუსის მიერ მისივე შვილობილ კომპანია "ალიანს კაპიტალში" უძრავი ქონების შეტანა გამოძიების მიერ შეფასებული იქნა როგორც "ქონების გადამალვა" (მაშინ როდესაც ასეთი განზრახვა არ არსებობდა) და გამოძიების ინტერესები მოითხოვს, ადეკვატურად იქნას შეფასებული ჩვენს მიერ წინამდებარე წერილში მოყვანილი ფაქტებიც.

ბატონო პროკურორო, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. როგორც გამოძიების, ისე საზოგადოებისათვის, საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ იკმაყოფილებენ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები პირად ინტერესებს ქონების თავიანთ სახელზე რეგისტრაციით და კაპიტალის დაგროვებით მაშინ, როდესაც მობინადრეთა მიმართ შეუსრულებელი აქვთ ნაკისრი ვალდებულებები.

აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში და დაინტერესების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის", - ნათქვამია არჩილ კბილაშვილისადმი ირაკლი კილაურიძის მიმართვაში.