საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები, სავარაუდოდ ხელახლა ჩატარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის აპარატში განუცხადეს , დღეს გაიმართა ბორდის თავმჯდომარის არჩევნები, თუმცა ხმები გაიყო და კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი, ემზარ გოგუაძე და ნატალია დვალი, რომლებმაც თანაბარი, 5-5 ხმა მიიღეს, ხოლო კიდევ ერთმა კანდიდატმა გიორგი მელაძემ საკუთარი კანდიდატურა სხდომის დასაწყისშივე მოხსნა.
სხდომას ესწრებოდა სამეთვალყურეო საბჭოს 11 წევრი, ხოლო კიდევ ერთმა წევრმა ოთარ კობერიძემ ხმის მიცემის უფლება სახლში გამოიყენა. ამასთან, ცნობილია, რომ ბორდის ორმა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელ თავმჯომარეს ლევან გახელაძეს უფლებამოსილების ვადა 1-ელ სექტემბერს ეწურება, რის გამოც, არჩევნები არაუგვიანეს 1-ლი აგვისტოსა უნდა ჩატარებულიყო.
ამასთან, უფლებამოსილების ვადა ასევე ეწურებათ ბორდის წევრებს: ოთარ კობერიძეს, ბაკურ სულაკაურს და ზაზა კორინთელს.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიმართება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ასარჩევად ხელახალი არჩევნები.