"ქართული ოცნების" პარტიულმა ცეკამ ბაქრაძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდგომ, მიიღო გადაწყვეტილება იმ მემორანდუმის დენონსირების შესახებ , რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ეხებოდა, - ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბება მზადდება და საქართველოს არსებული საარჩევნო გარემოს პირობებში გიორგი მარგველაშვილი, როგორც არალეგიტიმური პრეზიდენტი ეყოლება.
მისივე თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ, ხელმოწერილი იქნა ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების მიერ შეთანხმება, საარჩევნო კოდექსის ერთი ნაწილის გაუმჯობესების შესახებ და დანარჩენ ნაწილზე უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები.
კახა კუკავას თქმით, ამჟამად საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა უსუფაშვილი-ბაქრაძის ფორმატში მიმდინარეობს, რაც მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის.
"საარჩევნო კოდექსის კიდევ უფრო გაუარესება მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ ხდება ე.წ. რვიანის არც ერთი წინადადების გათვალისწინება. ყველა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული და ყველაფერი კეთდება არჩევნების გაყალბებისათვის", - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი.
"გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა გახდეს "ქართული ოცნების" პრეზიდენტი, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი.
მარგველაშვილი ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი თუკი საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება. რაც შეეხება იმას, თუ რა არის ხელისუფლების მოტივი, ეს ნებისმიერ სოციალურ კვლევაშია ასახური - მარგველაშვილის რეიტინგი ყველაზე ოპტიმისტური შედეგითაც ვერ აჭარბებს 30%-ს, მაშინ როდესაც არჩევნების მოგებისათვის საჭიროა 51%. აქედან გამომდინარე, 21% უნდა მოაგროვონ ისე, როგორც 2008 წლის იანვარში მოაგროვა მიხეილ სააკაშვილმა - გაყალბებებით", - განაცხადა კახა კუკავამ.