2013 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 18 ივლისიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს , შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) არის შესაძლებელი.
მათივე ცნობით, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და კონკრეტულ დავალებაში მიღებული ქულა.
შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. 2013 წელს სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონულად (ინტერნეტით), ვებგვერდებზე www.naec.ge; online.naec.ge.
ელექტრონული აპელაციის დეტალური ინსტრუქცია განთავსდება რამდენიმე დღეში.
საგანმანათლებლო პროგრამების მითითება თუ შეცვლა სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე იქნება შესაძლებელი.
2013 წლიდან მეორადი ჩარიცხვები აღარ განხორციელდება - აბუტურიენტს საშუალება აქვს განაცხადში მიუთითოს ყველა პროგრამა, რომელიც მის მიერ არჩეულ გამოცდებს მოითხოვს. საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის.