"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ლიდერმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, მისი ორგანიზაცია უახლოეს მომავალში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას შეიტანს.

"პარლამენტმა ვერ ასახა ის ინტერესები, რომელიც აქვს საზოგადოებას ახალი ხელისუფლების მიმართ. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დღემდე 40% აქვთ პარლამეტში, ისინი დაუსჯელები რჩებიან და პარლამენტის ტრიბუნიდან ჭკუას გვარიგებენ. ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნის საზოგადოებრივი დაკვეთა ძალიან მაღალია და თუ ხელისუფლებამ უარი თქვა, მას ეს ცუდად შემოუბრუნდება", - განაცხადა ნანა კაკაბეძემ.

მისივე თქმით, ამომრჩეველმა ხმა რეალურად მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახლა არიან პარლამენტში.

"ამ ძალებმა, ვერ უზრუნველყვეს და არ უზრუნველყვეს ის, რომ საზოგადოებრივი ნება შეესრულებინათ, იგივე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ამასთან, როგორც კაკაბაძე აცხადებს, მისი ორგანიზაცია მხარს იმ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ემხრობა.

"თუ რომელიმე კანდიდატი იტყვის, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენი ორგანიზაცია დაიწყებს კამპანიას, რომ ამომრჩეველმა ხმა აღნიშნულ კანდიდატს არ მისცეს", - განაცხადა კაკაბაძემ.