საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით ამჯერად გორში იმართება. დღევანდელ საჯარო განხილვაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგებლების გარდა მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რაც შეეხება უმცირესობას, რუსთავში მომხდარი უთანხმოების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვასთან დაკავშირებით გორში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ვახტანგ ხმალაძე და ზურაბ აბაშიძე უმცირესობის წარმომადგენლებს მოუწოდებენ უარი თქვან ბოიკოტზე და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიზეზს ეძებდნენ და რუსთავის ინცინდენტი გამოიყენეს, რაც თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროვოცირებული იყო.
რაც შეეხება განხილვებს, გორის გარდა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა დღესვე გაიმართება ახალციხეში, შემდგომ კი დასავლეთ საქართველოში.
განხილვის საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციის სამი საკითხის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი პროექტი საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს ეხება, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მეორე ცვლილება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას უკავშირდება.
მესამე პროექტი კი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხებს ეხება.