აშშ-ში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები სამუშაო სადილის ფარგლებში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები - თომას მელია, ერიკ რუბინი, დანიელ ფრიდი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, NDI-ის პრეზიდენტი კენ ვოლაკი, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ორგანიზაციის სხვა წევრები და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. საქართველოს დელეგაციის წევრებმა - საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და პარლამენტარებმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოში არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე და ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
მთავარმა პროკურორმა ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ვითარებაზე და იმ ცვლილებებზე, რასაც ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლება გეგმავს.
შეხვედრაზე ორივე მხრიდან აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობა.