ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისი განმარტებით, ამ საქმის გახსნა ერთ-ერთი პრიორიტეტია და გამოძიება სრული სვლით მიმდინარეობს. თუმცა, როგორც კბილაშვილი აღნიშნავს, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, როდესაც საქმეში ზოგიერთი დოკუმენტი არ არის ან შედგენილია არაჯეროვნად, გამოძიებას დასახული ამოცანის შესრულებას ურთულებს.
"გამოძიების ამ სტადიაზე პროგრესია. პროგრესად მივიჩნევ, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები – რა მოხდა, სიცხადეს იძენს. ვერ ვიტყვი რაში გამოიხატება ეს სიცხადე და რა გარემოების დადგენასთან ვართ ახლოს, რადგან ვშიშობ, ამით საქმეს ზიანი არ მივაყენო, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს მიღწეული პროგრესი. გამომძიებელი ძალიან კვალიფიციურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და იმ დროის განსაზღვრის გარეშე, როდის იქნება ეს, შემიძლია განვაცხადო, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს და რასთან გვაქვს საქმე – უბედურ შემთხვევასთან თუ სხვა რამესთან და თუ საქმე გვაქვს სხვა რამესთან, ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლობას იმსახურებენ. ის კითხვები, რაც აწუხებს ყველას, გვაწუხებს ჩვენც და ეტაპობრივად მივდივართ ამ ამოცანის ამოსახსნელად", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.