არჩილ ხაბაძე:   ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობით ინვესტორები დაინტერესდნენ

არჩილ ხაბაძე: ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობით ინვესტორები დაინტერესდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერა. 

როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დრომდე მშენებლობისთვის 78 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო რემონტის ჩატარებისთვის დამატებით 12 მილიონი ლარია საჭირო. მისივე თქმით, იყო საუბარი შენობაში სახელმწიფო სტრუქტურების განთავსების შესახებ, თუმცა შენობის განათების და სხვა ტექნიკური საკითხების მხრივ სახელმწიფოსთვის არაეკონომიური იქნება:

"ფაქტიურად, ორი სართული, ანუ ის ნაწილი, სადაც შენობის გახსნის დროს პრეზიდენტმა დააფიქსირა, რომ უნივერსიტეტის ლაბორატორიები უნდა განთავსებულიყო არის გარემონტებული, ხოლო დანარჩენი შენობა სრულიად ურემონტოა. შენობის მთლიანი საბალანსო ღირებულება არის 78 მილიონ ლარზე მეტი. მის დასრულებას ეკონომ კლასის რემონტის შემთხვევაში 12 მილიონი ლარი დაჭირდება. შესაძლებელია, ინვესტორმა იჯარით აიღოს შენობა და დაასრულოს რემონტი, შემდეგ კი ბიზნეს ცენტრი გააკეთოს. მუნიციპალიტეტსა და უმაღლეს საბჭოსთვის შენობის გადაცემა არ განიხილება, რადგან როცა შევისწავლეთ შენობის შიდა ინტერიერი აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არაეკონომიური იქნება", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

როგორც არჩილ ხაბაძემ განმარტა, შენობა უნივერსიტეტის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, რადგან არსებული ფართი შეუსაბამოა უნივერსიტეტისთვის. მისივე თქმით, თურქი და უკრაინელი ბიზნესმენების მხრიდან არის დაინტერესება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მიმართ:

"ბათუმში არ არის საოფისე ფართები იმდენი, რამდენიც საკმარისია ბიზნეს გარემოსათვის, ამიტომ, შესაძლებელია, ბიზნესმენი ამ მიმართულებით დავაინტერესოთ. არის დაინტერესება ინვესტორების მხრივ, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას თუ რა სახსრები არის საჭირო შენობის დასრულებისთვის და რა ხარჯები დასჭირდება ყოველწლიურად", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა ბათუმის ბულვარში მდებარეობს.