სატრანზიტო გადამზიდავებს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მოწყობილობით - ე.წ. ტაქოგრაფებით აღჭურვა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტაქოგრაფის არქონა მათ ადმინისტრაციულ დარღვევად ჩაეთვლებათ და დაჯარიმდებიან.
საუბარია ტექნიკური საშუალებაზე, რომელიც აფიქსირებს, რამდენი კილომეტრი გაიარა მანქანამ, რა დროის განმავლობაში მოძრაობდა ის და დროის რა ინტერვალი ჰქონდა მძღოლს შესვენებისთვის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განუცხადა, იმის გამო, რომ დღეს ასეთი კონტროლი არ ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში, სატრანზიტო გადაზიდვების განმახორციელებელი მძღოლები სხვა მძოლებისთვის საფრთხეს ქმნიან.
"ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, რომლის არგანხორციელების შემთხვევაში საქართველოში დარეგისტრირებული გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალება ევროპის ქვეყნებში ვეღარ იმოძრავებს. ასეთი ვალდებულება მთავრობამ განკარგულებით, მარტის თვეში აიღო და წლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ. საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა. გაედინება სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ტვირთი. ტვირთი გააქვთ ქართულ კომპანიებს. სატრანზიტო ავტომობილების ტაქოგრაფებით აღჭურვა ნიშნავს იმას, რომ ერთი - კომპანიამ უნდა იზრუნოს, რომ მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ასეთი ტექნიკური საშუალება ჰქონდეს და მეორე, თითოეული პატრული უნდა აღიჭურვოს ტექნიკული საშუალებით, რომლის მეშვეობით მონაცემებს ტაქოგრაფებში წაიკითხავს" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან იზორიამ.
რაც შეეხება აღნიშნული წესის დარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს, იზორიას თქმით, მძოლებისათვის ჯარიმა იქნება 500 ლარი. მისივე ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს ექნება უფლებამოსილება დააჯარიმოს კომპანია, ვისაც ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება ეკუთვნის. ეს ჯარიმა კი 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.