უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის პროცედურებს პარლამენტი განსაზღვრავს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ დღეს ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უწყებათაშორისი კომისია მართლაც გადადის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და კონკრეტულ წესებს პარლამენტი განსაზღვრავს.
"რასაც დაადგენს პარლამენტი, იუსტიციის სამინისტროც იმას შეასრულებს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
სპეციალურად არჩევნების წინ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის. აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება.
ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საზოგადოებას გუშინ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააცნო.
"უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის სამინისტრო უხელმძღვანელებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია და არჩევნებში ის არ უნდა ერეოდეს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.