ოპოზიციური პარტიები საარჩევნო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში, რომელიც პარტიებმა საარჩევნო გარემოს შესახებ გაავრცელეს , ნათქვამია, რომ 2013 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი წინაპირობების არარსებობის გამო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება.
"იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ემზადებოდა მოლაპარაკებების მეორე ეტაპისთვის, 15 ივლისს, ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე გაკეთდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის და პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან უკვე შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაზეც კი უარს ამბობს. ამ განცხადების პარალელურად, შეინიშნება საარჩევნო გარემოს გაუარესების კუთხით სხვა შემაშფოთებელი სიგნალებიც - ამომრჩეველთა სიიდან რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების ამოღება, ადმინისტრაციული და პოლიციური რესურსების მობილიზაცია, საარჩევნო ადმინისტრაციის და მედიის მკაცრი კონტროლი და პოლარიზაცია. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ საკითხზე დღევანდელი ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობს ე.წ "რვიანის" წინადადებებზე, რომელთა შემუშავებაშიც თავად მონაწილეობდა წინა ხელისუფლების პერიოდში", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემობა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში არასაპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ კოალიციას შორის მოლაპარაკებების პირველივე პრეცედენტი შეთანხმებული პირობების დარღვევით დამთავრდა.
"ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არანაირი წინაპირობები არ არსებობს 2013 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ეჭვქვეშ დგება ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: მოახდინოს შეთანხმებული კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში და მათი დროული იმპლემენტაცია; დაუყოვნებლივ განაახლოს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოდოებასთან საარჩევნო გარემოს დემოკრატიული რეფორმების მიზნით; რეფორმის პროცესში გათვალისწინებულ იქნას "რვიანის" (ანუ თავად დღევანდელი ხელისუფლების) წინადადებები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ევროპული სტანდარტები (ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები); წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებლად მივიჩნევთ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რაც ქვეყანას ახალი პოლიტიკური კრიზისისკენ უბიძგებს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "ახალი მემარჯვენეები", "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "ქართული დასი" და "ქრისტიან-დემოკრატები".