ე.წ.კანონიერი ქურდები, რომლებიც ციხის ბუნტის დროს დანაშაულის ორგანიზატორები იყვნენ, ახლა დაზარალებულებად არიან ცნობილი, რაც აბსურდია, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ ციხის ბუნტის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დროს განაცხადა. როგორც ახალაიამ აღნიშნა, იგი ახლა, რომ ხელმძღვანელობდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს იგივეს გააკეთებდა, რაც 2006 წელს მოხდა.
ბაჩო ახალაიას თქმით, სირცხვილია, როდესაც კანონიერი ქურდების საჩივრების საფუძველზე პროკურატურა ცდილობს მის და კიდევ რამდენიმე ბრალდებულის გასამართლებას.
ამასთან, ბაჩო ახალაია პროკურორთან პოლემიკაში შევიდა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია ზეწოლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები.
"ის ხალხი, ვინც დანაშაულის ორგანიზატორები იყვნენ, დღეს დაზარალებულად არიან ცნობილი, რაც აბსურდია. იგივეს გავაკეთებდი რაც მოხდა, სირცხვილია, როდესაც კანონიერი ქურდების საჩივრების საფუძველზე ცდილობს პროკურატურა ჩვენს გასამართლებას. თქვენ გაგაჩნიათ მალხაზ სინაურიძის ჩვენება, რომელსაც თავის დროზე უკვე ჰქონდა ჩვენება მიცემული, მოგვიანებით კი, ყველა დანაშაული თავის თავზე აიღო. რას უშვრებით ამ ხალხს, არ ვიცი, თუმცა ნუ იტყვით, რომ განსაკუთრებული მტკიცებულებები გაგაჩნიათ , - მიმართა ბაჩო ახალაიამ მის საქმეზე პროკურორ რევაზ ნადოის.
წინასასამართლო სხდომაზე დღეს მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა. დღეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ციხის ბუნტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჩაინიშნა. არსებითი განხილვა მოსამართლის გადაწყვეტილებით, 31 ივლისს დაიწყება.