პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. შეზღუდვა, რომელიც ამ თვალსაზრისით, "სარჩევნო კოდექსში" არ არსებობს, კანონში უახლოეს პერიოდში ჩაიდება. კერძოდ, მომზადებული ცვლილებების თანახმად, კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც დგინდება პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან.
პრეზიდენტის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უმეტეს ორი დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ შემდეგი თანამდებობის პირები: პრემიერ-მინისტრი, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე უშიშროების საბჭოს წევრები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი, შს და თავდაცვის მინისტრები, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები. ასევე პრეზიდენტობის კანდიდატობის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობაა - მოსამართლის თანამდებობა, სახალხო დამცველისა და მისი მოადგილის პოსტი, პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების პოსტები.
ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, თანამდებობის დატოვება მოუწევთ პროკურორებს, მათ მოადგილეებს, თანაშემწეებსა და გამომძიებლებს, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს.