მიხეილ სააკაშვილი:  ევროპარლამენტარების შეხვედრა ივანიშვილთან და ალასანიასთან მას შემდეგ გაუქმდა, რაც ისინი მერაბიშვილს შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილი: ევროპარლამენტარების შეხვედრა ივანიშვილთან და ალასანიასთან მას შემდეგ გაუქმდა, რაც ისინი მერაბიშვილს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც ისინი ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"სამწუხაროა, რომ წინასწარ დანიშნული შეხვედრები პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან გაუქმდა მას შემდეგ, რაც ისინი დილით შეხვდნენ ვანო მერაბიშვილს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოში არ არიან ჩამოსული საშინაო პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ, ეს არის ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი დელეგაცია, რომელიც ჩამოსულია ოკუპაციის შესასწავლად, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესაწავლად. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია და წარმოადგენს ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციას.

"მათთან საუბარი გემოვნების საკითხი კი არ არის, ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრმა მოიმიზეზა ის, რომ თბილისში არ იმყოფება.

"ჟურნალისტებს შეუძლია ეს გადაამოწმონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, როდესაც საუბარია ე.წ. საზღვრებზე და ოკუპაციის ხაზის გადმოწევის პრობლემაზე, სწორედ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან უნდა იყოს ამაზე საუბარი.

"ერთია, როდესაც პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა არ გინდა ვლადიმერ პუტინთან და ვაბრალებთ დაბალი დონის გენერლებს, მეორეა, რომ ეს ხალხი ევროპიდან ჩამოდის იმის გამო, რომ ეს არ კეთდებოდეს და ამაზე გველაპარაკოს. მათ საერთოდ არ ვიღებთ, კაცმა არ იცის რა მიზეზით. ვფიქრობ, ეს გაუგებრობა მომავალში უნდა გამოსწორდეს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება პირად ემოციებს ავყვეთ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.