უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის დღეს სხდომას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოში განუცხადეს, დღევანდელი სხდომა 15.45 საათზე დაიწყება და დახურული იქნება. მედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ამასთან, როგორც დღეს გახდა ცნობილი, სპეციალურად არჩევნების წინ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის. აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება.
ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საზოგადოებას დღეს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გააცნო.
"უწყებათაშორის კომისიას იუსტიციის სამინისტრო უხელმძღვანელებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია და არჩევნებში ის არ უნდა ერეოდეს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.