ჩვენი ხელისუფლების მშვიდად ყოფნამ განაპირობა მავთულხლართების გაბმა და ლამის ბერლინის კედლის მშენებლობა ე.წ საზღვრებთან , - ამის შესახებ ექსპერტებს დღევანდელ შეხვედრაზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ერთადერთი რეაგირება რაც მოახდინა ის იყო, რომ ისინი შეშფოთებულები არიან და გაოცებას გამოხატავენ მომხდარის გამო.
"დიცში როდესაც ე.წ საზღვრებს წევენ და ხელისუფლება ამბობს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ, მე ამას მშვიდად ვერ მივიღებ, არანაირი ადეკვატური რეაგირება ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა. ისინი მხოლოდ ამბობენ, რომ შეშფოთებულები არიან და გაოცებულები. მშვიდად ყოფნა განაპირობებს სწორედ, რომ დიცთან მავთულხლართების გაბმასა და ლამის ბერლინის კედლის მშენებლობას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური კურსი და მისი საგარეო პოლიტიკა უნიათოა.
"დღევანდელი ხელისუფლებისგან ვერ დავინახეთ საგარეო პოლიტიკაში ისეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის სუბიექტად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ვართ და ბოლო წლების მოქმედებებმა გაგვხადა ობიექტები, რომლებსაც საჩუქრად გადაუგდებენ ხოლმე სიტყვას, რომ ნატოს წევრები გახდებიან, რომლესაც ეხმარებიან ფინანსურად და რომელიც ეცოდებათ. მხოლოდ განცხადებები ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ გავხდებით ნატოს წევრები ან გვსურს ნატოს წევრობა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი იყოს გამოკვეთილი. ჩვენ უნიათო საგარეო პოლიტიკური კურსი გვაქვს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.